წიგნი მათესი
თავი 22
იგავი მეფის ძის ქორწილზე
(ლკ. 14, 16-24)
1. და მიუგო იესომ, კვლავ იგავებით უთხრა მათ და
თქვა:
2. ემსგავსა სასუფეველი ცათა კაცს, მეფეს, რომელმაც
გაუმართა ქორწილი თავის ძეს.
3. და გაგზავნა თავისი მონები, რათა მოეწვიათ
ქორწილში წვეულნი, და არ ინებეს მოსვლა.
4. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: უთხარით
წვეულებს: აჰა, სადილი ჩემი მზად არის, ზვარაკები ჩემი და ნასუქი საქონელი
დაკლულია, და ყველაფერი მზად არის; მოდით ქორწილში.
5. მაგრამ ისინი უგულისხმოდ მოიქცნენ და წავიდნენ:
ზოგი საკუთარ ყანაში, ზოგი თავის სავაჭროში.
6. ხოლო დანარჩენებმა შეიპყრეს მისი მონები, აგინეს
და დახოცეს.
7. და როცა გაიგო იმ მეფემ, განრისხდა; გაგზავნა
თავისი ჯარი და ამოწყვიტა ის მკვლელები და მათი ქალაქი გადაწვა.
8. მაშინ უთხრა მონებს: ქორწილი მზად არის, ხოლო
წვეულები არ იყვნენ ღირსნი.
9. წადით გზათა გასაყარებზე, და რამდენსაც იპოვით,
მოიწვიეთ ქორწილში.
10. და გავიდნენ ის მონები გზებზე და შეკრიბეს
ყველა, რამდენიც იპოვეს, ბოროტი და კეთილი; და გაივსო ქორწილი მეინახეებით.
11. ხოლო როცა შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად,
იხილა იქ კაცი, რომელსაც არ ემოსა საქორწილო სამოსი;
12. და უთხრა მას: მოყვასო, როგორ შემოხვედი
აქ, რადგან არ გაქვს საქორწილო სამოსი? ხოლო იგი დუმდა.
13. მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: შეუკარით
მაგას ფეხები და ხელები და გააგდეთ იგი ბნელ გარესკნელში; იქ ინება ტირილი
და კბილთა ღრჭენა.
14. რადგან მრავალი არის მოწვეული, და ცოტა - რჩეული.
ფარისეველთა მზაკვრული შეკითხვა კეისრისთვის ხარკის
მიცემის შესახებ
(მკ. 12, 13-17; ლკ. 20, 20-26)
15. მაშინ წავიდნენ ფარისევლები და შეთანხმდნენ,
როგორ დაეგოთ მახე მისთვის სიტყვით.
16. და მიუგზავნეს მას თავისი მოწაფეები
ჰეროდიანელებთან ერთად და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და
ღვთის გზას ჭეშმარიტებით ასწავლი, და არ პირმოთნეობ შენ არავისთან, რადგან
არ უყურებ კაცის სახეს.
17. ამიტომ გვითხარი ჩვენ: რას ფიქრობ შენ,
მართებულია ხარკის მიცემა კეისრისათვის თუ არა?
18. მიხვდა იესო მათს უკეთურებას და თქვა: რად მცდით
მე, თვალთმაქცნო?
19. მაჩვენეთ მე ხარკის მონეტა; ხოლო მათ მიუტანეს
მას დინარი.
20. და უთხრა მათ: ვისია ეს სახე და წარწერა?
21. უთხრეს მას: კეისრისა. მაშინ უთხრა მათ: მიეცით
კეისრისა კეისარს და ღვთისა - ღმერთს.
22. და როცა გაიგონეს, გაუკვირდათ, და დატოვეს იგი
და წავიდნენ.
სადუკეველთა შეკითხვა მკვდრეთით აღდგომის შესახებ
(მკ. 12, 18-27; ლკ. 20, 27-38)
23. იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკევლები, რომლებიც
ამბობდნენ, რომ არ არის აღდგომა, და ჰკითხეს მას
24. და უთხრეს: მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ ვინმე
მოკვდება, ვისაც არ ეყოლება შვილები, შეირთოს მისმა ძმამ მისი ცოლი და
აღუდგინოს თესლი თავის ძმას. (2შჯ.25)
25. იყო ჩვენ შორის შვიდი ძმა; და პირველმა იქორწინა
და მოკვდა, და არ დარჩა თესლი, და დაუტოვა თავისი ცოლი თავის ძმას;
26. ასევე მეორემ და მესამემ - მეშვიდემდე.
27. ხოლო ყველაზე ბოლოს მოკვდა დედაკაციც.
28. აღდგომისას შვიდთაგან რომლის ცოლი იქნება,
რადგან ყველას ჰყავდა იგი?
29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ცდებით, რადგან არ
იცით წერილი, არც ძალა ღვთისა.
30. რადგან აღდგომისას არც ქორწინდებიან და არც
თხოვდებიან, არამედ - როგორც ღვთის ანგელოზები - ცაში არიან.
31. ხოლო მკვდართა აღდგომის შესახებ არ წაგიკითხავთ
თქვენთვის თქმული ღვთის მიერ, რომელიც ამბობს:
32. მე ვარ ღმერთი აბრაამისა და ღმერთი ისააკისა და
ღმერთი იაკობისა. არ არის ღმერთი, ღმერთი მკვდართა, არამედ - ცოცხალთა. (გამ.3,6)
33. და როცა გაიგონა ხალხმა, განცვიფრდა მისი
მოძღვრებით.
ფარისეველთა შეკითხვა უდიდესი მცნების შესახებ
(მკ. 12, 28-34.)
34. ხოლო როცა ფარისევლებმა გაიგონეს, რომ გააჩუმა
სადუკევლები, შეიკრიბნენ ერთად,
35. და ჰკითხა ერთმა მათგანმა, სჯულის მოძღვარმა,
ცდიდა მას და ეუბნებოდა:
36. მოძღვარო, რომელი მცნებაა უდიდესო სჯულში?
37. ხოლო იესომ უთხრა მას: შეიყვარე უფალი ღმერთი
მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. (2შჯ.6,5)
38. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.
39. და მეორე - მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი
შენი, როგორც თავი შენი. (ლევ.19,18)
40. ამ ორ მცნებაზეა მთელი სჯული და
წინასწარმეტყველნი დამოკიდებული.
იესოს შეკითხვა ქრისტეს ძეობის შესახებ
(მკ. 12, 35-37; ლკ. 20, 41-44.)
41. ხოლო როდესაც შეიკრიბნენ ფარისევლები, ჰკითხა
მათ იესომ
42. და უთხრა: რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე, ვისი ძე
არის? უთხრეს მას: დავითისა.
43. უთხრა მათ: როგორღა უწოდებს დავითი მას სულით
უფალს და ამბობს:
44. უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
ვიდრე დავცემ შენს მტრებს შენს ფეხქვეშ? (ფს.110,1)
45. თუ დავითი უწოდებს მას უფალს, როგორ არის მისი
ძე?
46. და არავის შეეძლო მისთვის სიტყვის მიგება;
ვეღარც გაბედა ვინმემ იმ დღიდან რამის კითხვა მისთვის.
თავი 23
ფარისეველთა და მწიგნობართა უკანასკნელი მხილება
(მკ. 12, 38-40; ლკ. 20, 45-47.)
1. მაშინ იესო ეუბნებოდა ხალხს და თავის მოწაფეებს
2. და უთხრა: მოსეს დასაჯდომელზე დასხდნენ
მწიგნობრები და ფარისევლები.
3. ყოველივე, რასაც გეტყვიან თქვენ, რომ დაიცვათ,
დაიცავით და გააკეთეთ, მაგრამ მათი საქმეებისამებრ ნუ გააკეთებთ, რადგან
ამბობენ და არ აკეთებენ.
4. რადგან კრავენ ტვირთს მძიმეს და ძნელად
სატვირთველს და დებენ კაცთა მხრებზე, ხოლო თავად თითითაც არ სურთ დაძვრა
მისი.
5. და თავის ყველა საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახად,
რადგან იფართოებენ თავის საცავებს და იდიდებენ თავისი სამოსლის ფოჩებს, (საცავები
და სამოსლის ფოჩები - სჯულით განსაზღვრული სამოსლის ნაწილები, რომლებიც
ახსენებდნენ ებრაელებს ღვთის მცნებებს, სიტყვას, სასწაულებს. საცავებს
აქვს კოლოფის ფორმა, ატარებენ შუბლზე და მარცხენა ხელზე)
6. უყვართ ინახით წინ სხდომა (ინახით სხდომა -
მხართეძოზე წამოწოლა. ძველ აღმოსავლეთში ნახევრად წამოწოლილ მდგომარეობაში
სადილობდნენ, რადგან დაბალი მაგიდები იყო) ნადიმებზე და წინ დასხდომა
შესაკრებლებში
7. და მისალმება მოედნებზე, და რომ უწოდონ
ადამიანებმა: რაბი, რაბი! (რაბი - ებრ. მოძღვარი, მასწავლებელი)
8. ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი; რადგან ერთია
მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ.
9. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე,
რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში.
10. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია
წინამძღვარი თქვენი - ქრისტე.
11. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური.
12. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც
დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება.
13. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო
თვალთმაქცნო, რადგან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად ხანგრძლივად
ლოცულობთ; ამის გამო მიიღებთ უმეტეს სასჯელს.
14. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო
თვალთმაქცნო, რადგან კეტავთ ცათა სასუფეველს კაცთა წინაშე; თქვენ არ
შედიხართ და არც შემსვლელებს ანებებთ შესვლას.
15. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო
თვალთმაქცნო, რადგან მოივლით ზღვასა და ხმელეთს, რათა ერთი ვინმე მაინც
მოაქციოთ; და როცა ეს მოხდება, აქცევთ მას გეენას ძედ, თქვენს
ორჯერ მეტად.
16. ვაი თქვენ, წინამძღვარნო ბრმანო, რომლებიც
ამბობთ: ვინც დაიფიცებს ტაძარს, არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ტაძრის
ოქროს, ვალდებულია.
17. უგუნურებო და ბრმები, რა უფრო დიდია: ოქრო თუ
ტაძარი, რომელიც განსწმენდს ოქროს?
18. და ამბობთ: ვინც დაიფიცებს საკურთხეველს,
არაფერია; ხოლო ვინც დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ვალდებულია.
19. უგუნურებო და ბრმებო, რა უფრო დიდია: ძღვენი თუ
საკურთხეველი, რომელიც განსწმენდს ძღვენს?
20. რადგან ვინც დაიფიცებს საკურთხეველს, იფიცებს
მას და ყოველივეს, რაც მასზეა.
21. და ვინც დაიფიცებს ტაძარს, იფიცებს მას და ვინც
დამკვიდრებულია მასში.
22. და ვინც დაიფიცებს ცას, იფიცებს ღვთის ხატხს და
ვინც ზის მასზე.
23. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო
თვალთმაქცნო, რადგან იხდით მეათედს პიტნისასა, ცერეცოსი და ძირასი, და
დაგიტოვებიათ უმთავრესი სჯულისა: სამართალი, წყალობა და რწმენა. ამის
გაკეთება გმართებდათ და იმის დატოვება - არა.
24. წინამძღვარნო ბრმანო, რომლებიც წურავთ კოღოს,
ხოლო აქლემს შთანთქავთ.
25. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო
თვალთმაქცნო, რადგან წმენდთ გარედან სასმისს და ლანგარს, ხოლო შიგნიდან
სავსეა ნაძარცვით და უსამართლობით.
26. ფარისეველო ბრმაო, გაწმინდე პირველად შიგნიდან
სასმისი და ლანგარი, რომ იყოს იგი გარედანაც წმინდა.
27. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო
თვალთმაქცნო, რადგან მსგავსნი ხართ შელესილი საფლავებისა, რომლებიც
გარედან ჩანან მშვენიერნი, ხოლო შიგნით სავსე არიან მკვდრების ძვლებით და
ყოველგვარი უწმინდურებით.
28. ასევე თქვენც გარედან ჩანხართ კაცთათვის
მართალნი, ხოლო შიგნით სავსე ხართ თვალთმაქცობით და უსჯულოებით.
29. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო
თვალთმაქცნო, რადგან აშენებთ წინასწარმეტყველთა საფლავებს და ამკობთ
მართალთა სამარეებს,
30. და ამბობთ: რომ ვყოფილიყავით ჩვენი მამების
დროს, არ ვიქნებოდით მათი თანაზიარნი წინასწარმეტყველთა სისხლში;
31. რითიც ემოწმებით საკუთარ თავს, რომ ძეები ხართ
წინასწარმეტყველთა მკვლელებისა;
32. და თქვენც აავსეთ საწყაო თქვენი მამებისა.
33. გველებო, იქედნეთა ნაშობნო, როგორ გაექცევით
გეენას სასჯელს?
34. ამის გამო, აჰა, მე გიგზავნით თქვენ
წინასწარმეტყველებს, ბრძნებს და მწიგნობრებს, ზოგ მათგანს მოკლავთ
და ჯვარს აცვამთ, და ზოგ მათგანს გაშოლტავთ თქვენს შესაკრებლებში
და განდევნით ქალაქიდან ქალაქში;
35. რათა მოიწიოს თქვენზე ყოველი მართალი სისხლი,
დათხეული ქვეყანაზე სისხლიდან აბელ მართლისა, ზაქარიას, ბარუქის ძის,
სისხლამდე, რომელიც მოკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის.
36. ამინ გეუბნებით თქვენ: მოიწევა ეს ყოველივე ამ
მოდგმაზე.
37. იერუსალიმო, იერუსალიმო, რომელმაც დახოცე
წინასწარმეტყველნი და ჩაქოლე შენთან მოვლინებულნი; რამდენჯერ მსურდა
შეკრება შენი შვილებისა, როგორც შემოიკრებს ფრინველი თავის მართვეებს
ფრთების ქვეშ, და არ ისურვეთ.
38. აჰა, გრჩებათ თქვენ თქვენი სახლი ოხრად,
39. რადგან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ მე
ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: კურთხეულია, ვინც მოდის უფლის სახელით. (ფს.118,26)
თავი 24
იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება იერუსალიმის
ტაძრის დანგრევისა და მეორედ მოსვლის შესახებ
(მკ. 13, 1-37; ლკ. 21, 5-36.)
1. და გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა; და
მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ეჩვენებინათ მისთვის ტაძრის
ნაგებობები.
2. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: ვერ ხედავთ
ყოველივე ამას? ამინ გეუბნებით თქვენ: არ დარჩება აქ ქვა ქვაზე, რომელიც
არ დაირღვევა.
3. და როცა დაჯდა იგი ზეთისხილის მთაზე, მივიდნენ
მასთან მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: გვითხარი ჩვენ, როდის იქნებს
ეს, და რა არის ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნო დასასრულისა?
4. მიუგო იესომ და უთხრა მათ: გაფრთხილდით, ვინმემ
არ გაცდუნოთ თქვენ;
5. რადგან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: მე
ვარ ქრისტე, და მრავალს აცდუნებენ.
6. და გაიგებთ ომებზე და ომების ამბებს; იხილეთ და
ნუ შეძრწუნდებით, რადგან ეს ყოველივე უნდა იყოს, მაგრამ ჯერ არ არის
აღსასრული.
7. რადგან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო
სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილი, ჭირი და მიწისძვრები ადგილ-ადგილ.
8. ხოლო ეს ყოველივე ტკივილების დასაწყისია.
9. მაშინ ჩაგაგდებენ თქვენ გასაჭირში და დაგხოცავენ
თქვენ, და იქნებით მოძულებულნი ყველა წარმართისაგან ჩემი სახელის გამო.
10. და მაშინ შეცდება მრავალი და ერთმანეთს გასცემენ
და შეიძულებენ ერთმანეთს.
11. და მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება ად
აცდუნებს მრავალს;
12. და უსჯულების გამრავლებით განელდება სიყვარული
მრავალთა შორის.
13. ხოლო ვინც მოითმენს ბოლომდე, ის ცხონდება.
14. და იქადაგება ეს სახარება სასუფევლისა მთელს
ქვეყანაზე დასამოწმებლად ყველა წარმართისათვის, და მაშინ დადგება
აღსასრული.
15. ამიტომ როდესაც იხილავთ მოოხრების სისაძაგლეს,
თქმულს დანიელ წინასწარმეტყველის მიერ, - წმინდა ადგილზე მდგომარეს - ვინც
წაიკითხავს, მიხვდეს. (დან.9,27; 11,31; 12,11.)
16. მაშინ ჰურიასტანში მყოფნი გაიქცნენ მთაში,
17. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა რამის ასაღებად
თავისი სახლიდან,
18. და ველზე მყოფი ნუ მობრუნდება უკან თავისი
სამოსის ასაღებად.
19. ხოლო ვაი ორსულებს და ვინც აწოვებს იმ დღეებში.
20. არამედ ილოცეთ, რომ არ მოხდეს თქვენი გაქცევა
ზამთარში, არც შაბათს;
21. რადგან იქნება მაშინ დიდი გასაჭირი, როგორიც არ
ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან აქამდე, და არც იქნება.
22. და რომ არ შემოკლებულიყო ის დღეები, ვერ
გადარჩებოდა ვერც ერთი ხორციელი; ხოლო რჩეულთათვის შემოკლდება ის დღეები.
23. მაშინ თუ ვინმე გეტყვით თქვენ: აჰა, აქ არის
ქრისტე, ან - იქ, არ ირწმუნოთ;
24. რადგან აღდგებიან ცრუქრისტეები და
ცრუწინასწარმეტყველები და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რომ
აცდუნონ, თუ შეძლებენ, რჩეულებიც.
25. აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ.
26. თუ გეტყვიან თქვენ: აჰა, უდაბნოშია, არ
გახვიდეთ; აჰა, საიდუმლო ოთახებშია, არ ირწმუნოთ.
27. რადგან როგორც ელვა გამოჩნდება აღმოსავლეთიდან
და ანათებს დასავლეთამდე, ასე იქნება მოსვლად ძისა კაცისა.
28. რადგან სადაც იქნება მძორი, იქ შეიკრიბებიან
ორბები.
29. და მაშინვე, იმ დღეების გაჭირვების შემდეგ, მზე
დაბნელდება, და მთვარე არ გამოსცემს თავის ნათელს, და ვარსკვლავები
ჩამოცვივდება ზეციდან, და ცათა ძალები შეიძვრება.
30. და მაშინ გამოჩნდება ნიშანი ძისა კაცისა ცაზე,
და მაშინ მოჰყვებიან გოდებას ყოველი ტომი ქვეყნისა და იხილავენ ძეს
კაცისას, მომავალს ცის ღრუბლებზე მრავალი ძალითა და დიდებით.
31. და წარგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი
საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ
კიდემდე.
32. ხოლო ლეღვის ხის მაგალითით ისწავლეთ: როცა უკვე
მისი რტო დარბილდება და ფოთლები გამოვა, იცოდეთ, რომ ახლოს არის ზაფხული.
33. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას,
იცოდეთ, რომ ახლოს არის, კარებთან.
34. ამინ გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა,
ვიდრე ეს ყოველივე არ იქნება.
35. ცა და ქვეყანა გადავა, ხოლო ჩემი სიტყვები არ
გადავა.
36. ხოლო იმ დღისა და დროის შესახებ არავინ იცის,
არც ცათა ანაგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
37. როგორც ნოეს დღეები, ისე იქნება მოსვლაც ძისა
კაცისა.
38. რადგან როგორც იყვნენ წარღვნის წინა დღეებში:
ჭამდნენ და სვამდნენ, ქორწინდებოდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე
შევიდა ნოე კიდობანში,
39. და ვერ მიხვდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და
წალეკა ყოველივე. ასევე იქნება მოსვლა ძისა კაცისა.
40. მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთს წაიყვენენ და
ერთი დარჩება;
41. ორნი დაფქვავენ წისქვილში: ერთს წაიყვანენ და
ერთი დარჩება.
42. ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ
დღეს მოვა თქვენი უფალი.
43. ხოლო ეს იცოდეთ: რომ სცოდნოდა სახლის პატრონს,
რომელ სახმილავზე მოვიდოდა ქურდი, იფხიზლებდა და არ დაუშვებდა თავისი
სახლის მოთხრას.
44. ამიტომ თქვენც იყავით მზად, რადგან რა დროსაც არ
ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
45. ვინ არის სარწმუნო მონა და გონიერი, რომელიც
დაუდგინა ბატონმა თავის სახლეულს, რომ მიეცა მათთვის საზრდო დროულად?
46. ნეტარია ის მონა, რომელთანაც მოვა მისი ბატონი
და იპოვის მას ამგვარად მოქმედს.
47. ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მთელს თავის ქონებაზე
დაადგენს მას.
48. ხოლო თუ იტყვის ის უკეთური მონა თავის გულში:
აყოვნებს ჩემი ბატონი მოსვლას,
49. და დაიწყებს ცემას თავისი მსგავსი მონებისა, და
ჭამასა და სმას ლოთებთან ერთად,
50. მოვა ბატონი იმ მონისა იმ დღეს, რომელსაც არ
ელის და დროს, რომელიც არ იცის,
51. და ორად გაკვეთს მას და მის ნაწილს
თვალთმაქცებთან დადებს; იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
თავი 25
იგავი ათ ქალწულზე
1. მაშინ ემსგავსება სასუფეველი ცათა ათ ქალწულს,
რომლებმაც აიღეს თავისი ლამპრები და გავიდნენ სიძის მისაგებებლად.
2. ხოლო ხუთი მათგანი იყო სულელი და ხუთი - გონიერი.
3. სულელებმა აიღეს თავისი ლამპრები და არ წაიღეს
თან ზეთი;
4. ხოლო გონიერებმა თან წაიღეს ზეთი ჭურჭლებით თავის
ლამპრებთან ერთად.
5. და რადგან იგვიანებდა სიძე, მიერულა ყველას და
დაიძინეს.
6. და შუაღამისას ძახილი იყო: აჰა, სიძე მოდის,
გამოდით მის მისაგებებლად.
7. მაშინ ადგა ყველა ის ქალწული და მოამზადა თავისი
ლამპრები.
8. ხოლო სულელებმა გონიერებს უთხრეს: მოგვეცით ჩვენ
თქვენი ზეთიდან, რადგან ჩვენი ლამპრები ქრება.
9. მიუგეს გონიერებმა და თქვეს: ვაითუ არ გვეყოს
ჩვენც და თქვენც; უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.
10. და როდესაც წავიდნენ ისინი საყიდლად, მოვიდა
სიძე და ვინც მზად იყო, შევიდა მასთან ერთად ქორწილში, და დაიხში კარი.
11. ბოლოს მოვიდნენ სხვა ქალწულებიც და ამბობდნენ:
უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ.
12. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ამინ გეუბნებით თქვენ,
არ გიცნობთ თქვენ.
13. ასე რომ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით დღე, არც
ჟამი, როცა ძე კაცისა მოვა.
იგავი მოცემულ ტალანტებზე
(ტალანტი - ძველ
ქართულ თარგმანში არის ქანქარი).
14. რადგან როგორც კაცი, რომელმაც წასვლისას მოუხმო
თავის მონებს და მისცა მათ თავისი ქონება:
15. და რომელიღაცას მისცა ხუთი ტალანტი, რომელიღაცას
- ორი, ხოლო რომელიღაცას - ერთი, თითოეულს თავისი ძალის მიხედვით, და
მაშინვე წავიდა.
16. ხოლო წავიდა, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო,
ასარგებლა იგი და შეჰმატა სხვა ხუთი ტალანტი;
17. ასევე, ვინც ორი მიიღო, შეჰმატა სხვა ორიც.
18. ხოლო ვინც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და
დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი.
19. დიდი ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და
პასუხი მოსთხოვა მათ.
20. და წარუდგა, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, და
მიართვა სხვა ხუთი ტალანტი და თქვა: ბატონო, ხუთი ტალანტი მომეცი მე, აჰა,
სხვა ხუთი ტალანტი შევმატე მას.
21. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავ კეთილო
და სარწმუნო, მცირედზე სარწმუნო იყავი, და მრავალზე დაგადგენ შენ.
შედი შენი ბატონის სიხარულში.
22. მოვიდა ისიც, ვინც ორი ტალანტი მიიღო, და უთხრა:
ბატონო, ორი ტალანტი მომეცი მე, აჰა, სხვა ორი ტალანტი შევმატე მას.
23. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავ კეთილო
და სარწმუნო, მცირდეზე სარწმუნო იყავი, და მრავალზე დაგადგენ შენ.
შედი შენი ბატონის სიხარულში.
24. მოვიდა ისიც, ვინც ერთი ტალანტი მიიღო, და
უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ შენ: იმკი, სადაც არ
დაგითესავს და კრებ, სადაც არ დაგიბნევია;
25. და შემეშინდა, წავედი და დავფალი შენი ტალანტი
მიწაში; აჰა, შენი შენთან არის.
26. მიუგო მისმა ბატონმა და უთხრა მას: ბოროტო მონავ
და ზარმაცო, იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს და ვკრებ, სადაც არ
დამიბნევია.
27. ამიტომ უნდა მიგეცა შენ ჩემი ვერცხლი
ვაჭრებისთვის, და როცა მოვიდოდი, ავიღებდი ჩემსას მონაგებითურთ.
28. ამიტომ წაართვით მაგას ეგ ტალანტი და მიეცით,
ვისაც აქვს ათი ტალანტი.
29. რადგან ყველას, ვისაც აქვს, მიეცემა და
მიემატება; ხოლო ვისაც არა აქვს, რაც აქვს, წაერთმევა მას.
30. და ეგ ურგები მონა გააგდეთ ბნელ გარესკნელში; იქ
იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
საყოველთაო აღდგომისა და სამსჯავროს შესახებ
31. ხოლო როცა მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და
ყველა მისი ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.
32. და შეიკრიბება მის წინაშე ყოველი მოდგმა, და
გამოარჩევს მათ ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი არჩევს ცხვრებს თიკნებისგან.
33. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო
თიკნებს - მარცხნივ.
34. მაშინ ეტყვის მეუფე, ვინც მის მარჯვნივ არის:
მოდით, კურთხეულნო მამისა ჩემისა, დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის
გამზადებული, ქვეყნის დასაბამიდან.
35. რადგან მშიოდა და მომეცით მე საჭმელი; მწყუროდა
და მასვით მე; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ მე;
36. შიშველი ვიყავი და შემმოსეთ მე; უძლური ვიყავი
და მომხედეთ მე; საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემთან.
37. მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: უფალო,
როდის გნახეთ შენ მშიერი და გაჭამეთ, ან მწყურვალი და გასვით?
38. როდის გნახეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ, ან
შიშველი და შეგმოსეთ?
39. როდის გნახეთ შენ უძლური ან საპყრობილეში, და
მოვედით შენთან?
40. და მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ამინ გეუბნებით
თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს, ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.
41. მაშინ ეტყვის მათაც, ვინც მარცხნივ არის: წადით
ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი
ანგელოზებისთვის.
42. რადგან მშიოდა და არ მომეცით მე საჭმელი;
მწყუროდა და არ მასვით მე;
43. უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ მე; შიშველი
ვიყავი და არ შემმოსეთ მე; უძლური ვიყავი და საპყრობილეში, და არ მომხედეთ
მე.
44. მაშინ მიუგებენ ისინიც და ეტყვიან: უფალო, როდის
გნახეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან უძლური, ან
საპყრობილეში, და არ გემსახურეთ შენ?
45. მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: ამინ
გეუბნებით თქვენ: რაც არ გაუკეთეთ ერთ ამ მცირეთაგანს, მე არ გამიკეთეთ.
46. და წავლენ ისინი საუკუნო სატანჯველში, ხოლო
მართლები - საუკუნო ცხოვრებაში.
თავი 26
1. და იყო, როცა დაასრულა იესომ ყველა ეს სიტყვა,
უთხრა თავის მოწაფეებს:
2. იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი იქნება, და ძე
კაცისა გადაეცემა ჯვარზე საცმელად?
3. მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავრები და მწიგნობრები
და ერის უხუცესები მღვდელმთავარის ეზოში, რომელსაც ერქვა კაიაფა,
4. და განიზრახეს, რომ იესო მზაკვრობით შეეპყრათ და
მოეკლათ.
5. და ამბობდნენ: დღესასწაულზე არა, რომ შფოთი არ
იყოს ერში.
იესოსთვის ნელსაცხებლის ცხება ბეთანიაში
(მკ. 14, 3-9; ინ. 12, 3-8.)
6. ხოლო როდესაც იესო იყო ბეთანიაში, სიმონ
კეთროვნის სახლში,
7. მივიდა მასთან დედაკაცი, რომელსაც ჰქონდა
ალაბასტრი (ალაბასტრი - ჭურჭელი ნელსაცხებლისათვის) ძვირფასი
ნელსაცხებლით, და თავზე დაასხა მას, ინახით მჯდომს.
8. და როცა დაინახეს მოწაფეებმა, განრისხდნენ და
თქვეს: რისთვის იყო ეს ხარჯი?
9. რადგან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა
ძვირად და მიცემა გლახაკებისთვის.
10. ხოლო იესომ გულისხმაყო და უთხრა მათ: რატომ
აწუხებთ ამ დედაკაცს? მან კეთილი საქმე გააკეთა ჩემთვის.
11. რადგან გლახაკები ყოველთვის თქვენთან არიან,
ხოლო მე არა ვარ ყოველთვის თქვენთან.
12. რადგან ეს ნელსაცხებელი რომ დაასხა მან ჩემს
სხეულს, ჩემს დასამარხად გააკეთა.
13. ამინ გეუბნებით თქვენ: სადაც იქადაგება ეს
სახარება მთელს ქვეყანაზე, ითქმება, რაც გააკეთა მან თავის მოსახსენებლად.
იუდას გარიგება მღვდელმთავრებთან
(მკ. 14, 10-11; ლკ. 22, 3-6)
14. მაშინ წავიდა ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა
იუდა ისკარიოტელი, მღვდელმთავრებთან და უთხრა:
15. რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუ მე თქვენ
გადმოგცემთ მას? ხოლო მათ დაუდგინეს მას ოცდაათი ვერცხლი.
16. და ამიერიდან ეძებდა ხელსაყრელ დროს, რომ
გადაეცა იგი მათთვის.
საიდუმლო სერობა
(მკ. 14, 12-21; ლკ. 22, 7-16.)
17. ხოლო უფუარობის პირველ დღეს მივიდნენ მოწაფეები
იესოსთან და უთხრეს მას: სად გინდა, რომ მოგიმზადოთ შენ საჭმელად პასექი?
18. ხოლო მან უთხრა: წადით ქალაქში, ამა და ამ
კაცთან და უთხარით მას: მოძღვარი ამბობს: ჟამი ჩემი ახლოს არის, შენთან
აღვასრულებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად.
19. და გააკეთეს მოწაფეებმა, როგორც უბრძანა მათ
იესომ, და მოამზადეს პასექი.
20. და როცა მოსაღამოვდა, ინახით იჯდა თავის თორმეტ
მოწაფესთან ერთად.
21. და როდესაც ჭამდნენ ისინი, უთხრა: ამინ
გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე.
22. ხოლო ისინი ძლიერ შეწუხდნენ. და ამბობდა
თითოეული მათგანი: ნუთუ მე ვარ, უფალო?
23. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ვინც ჩაყოფს ჩემთან
ერთად ხელს ჯამში, ის გამცემს მე.
24. ძე კაცისა კი მიდის, როგორც წერია მის შესახებ,
ხოლო ვაი იმ კაცს, ვის მიერაც ძე კაცისა გაიცემა. უმჯობესი იყო მისთვის,
რომ არ შობილიყო ის კაცი.
25. მიუგო იუდამ, რომელმაც გასცა იგი, და უთხრა:
ნუთუ მე ვარ, რაბი? უთხრა მას იესომ: შენ თქვი.
პურისა და ღვინის კურთხევა სისხლად და ხორცად -
ზიარების საიდუმლოს დადგენა
(მკ. 14, 22-25; ლკ. 22, 17-20.)
26. და როდესაც ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური და
აკურთხა, გატეხა და მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ და ჭამეთ, ეს არის
ხორცი ჩემი.
27. და აიღო სასმისი და მადლობდა, მისცა მათ და
თქვა: სვით ამისგან ყველამ,
28. რადგან ეს არის სისხლი ჩემი ახალი აღთქმისა,
მრავალთათვის დათხეული მისატევებლად ცოდვათა.
29. ხოლო გეუ |